კახეთი
http://ka.wikipedia.org/wiki/კახეთი
კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.
http://www.idp.ge/geo
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.
ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.
სიღნაღი
ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.
დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა
დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დაარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.
Subscribe to:
Posts (Atom)